მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ „შუამთობა“ ერთიანობის, სიყვარულის, ერთიანი სულისკვეთების, მთისა და ბარის ერთობლიობის ზეიმია და დღესასწაულის ტრადიციის შენარჩუნებისთვის უხუცესებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის, ისე წყლის მიწოდების, ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მიმართულებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება ისეთი პროექტები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მთიანი აჭარა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ ენერგიას არ დავიშურებთ. როგორც იქნა, დაადგა საშველი და დაიწყება მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია - ეს არის ხულო-ზარზმის პროექტი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლამაზი, მთიანი აჭარის განვითარებისთვის. თუმცა, ესეც არ იქნება საკმარისი. აუცილებელია, ჩვენ განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მთიანი აჭარა ვაქციოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ელექტრო და წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მთაში მცხოვრები ახალგაზრდების პოტენციალის ადგილზე რეალიზების აუცილებლობას.
„ამ კუთხით განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მთიანი აჭარა. ჩვენს სპორტსმენებს უნიკალური წარმატებები აქვთ, მათი დიდი ნაწილი სწორედ მთიანი აჭარიდანაა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი მოჭიდავეები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ამ მიმართულებითაც. რაც შეეხება კურორტ ბეშუმს, კურორტ გოდერძისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, მას არ აქვს გენერალური განვითარების გეგმა. ეს ხარვეზია და მასაც უმოკლეს ვადაში გამოვასწორებთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.