weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ტყიბულის შახტებში მეშახტეთა დაღუპვის ფაქტებზე 7 პირი დააკავეს

09:53 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

ტყიბულის შახტებში 5 აპრილს და 2 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით დაკავებულები არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორი - ა. ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი - გ.კ., შახტის მენეჯერი - მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე - ტ.ა., უფროსის თანაშემწე გ.ქ. და ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტის მფლობელი, ინდმეწარმე დ.ს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ასევე, 2018 წლის 2 ივნისს, ტყიბულში, ჯალაღანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ქვანახშირის შახტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული ინდმეწარმე დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება მისივე კუთვნილ ქვანახშირის შახტში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნულ შახტში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2018 წლის 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]