კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, დავით კაკაბაძე 13 წლის განმავლობაში მიუნხენსა და პრაღაში „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტის გოეთეს კაბინეტის ხელმძღვანელი იყო. დავით კაკაბაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, სწავლობდა იენის (გდრ) ფრიდრიხ შილერის სახელობისა და კიოლნის (გფრ) უნივერსიტეტებში. კაკაბაძე ასევე ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ბოლო წლებში გერმანულიდან და ჩეხურიდან დავით კაკაბაძის მიერ ნათარგმნი რამდენიმე წიგნი გამოიცა.
„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაეკისრა.
კომისია მედია წიგნიერების განვითარებას ოთხი ძირითადი მიმართულებით გეგმავს. პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. მეორე კომპონენტი მედია კრიტიკის განვითარებაა, რომელიც, კომისიის განმარტებით, ერთი მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლებაა. მეოთხე, კომპონენტი კი მედია ლაბორატორიის შექმნა იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას.