ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ათზე მეტ სახლში წყალი სანიაღვრე არხებიდან შევარდა, რის შედეგადაც დატბორილია ეზოები და პირველი სართულები. წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის ათ სოფელს ელექტორენერგია შეზღუდვით მიეწოდება. უამინდობის გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 12 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. საღამოსა და ღამის საათებში ელ-ჭექი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ნალექის ინტენსივობა 13 აგვისტოდან შესუსტდება.