თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის განცხადებით, შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. „ძლიერი წვიმის გამო მძღოლს მანქანა სავარაუდოდ მოუცურდა და გადავარდა. საბედნიეროდ მძღოლიც გადარჩა და არც საწვავი დაღვრილა დიდი რაოდენობით. 8 ტონიანი საწვავმზიდია, ნახევრად იყო სავსე. „ბილაინის“ ანძისკენ მიდიოდა, რომ სადგური საწვავით შეევსო. მანქანა დაზიანდა“, - აღნიშნა ლადო კახოიძემ.
თუშეთში 2 დღეა ძლიერად წვიმს. გუშინ საღამოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაც ჩაიკეტა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ძირში წარმოქმნილ ტბაში წყალმა დაახლოებით 2 მეტრით აიწია და ხელოვნური მიწაყრილებით აშენებული გზა მთლიანად დაფარა. მეწყერი ჩამოწვა ფშაველიდან აბანოს უღელტეხილამდე რამდენიმე ადგილასაც. მთელი ღამის განმავლობაში თუშეთის გზაზე იყო ჩარჩენილი 10-ზე მეტი მანქანა. უღელტეხილს ქვემოთ გაჩერებულ მანქანებში მყოფი ბავშვები და ქალები სამხევში, რეინჯერთა სახლში დააბინავეს.
გზა დღეს დილით გაიხსნა, თუმცა თუშეთში ახლაც გადაუღებლად წვიმს და დიდი ალბათობით მოძრაობა ისევ ჩაიკეტება.