შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სულ 11 პირი დააკავეს, მათ შორის ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია - 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. (მეტსახელად „ჭია“).
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს“, – განაცხადა ბორცვაძემ.
როგორც მან განმარტა, დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავა, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით კი თენგიზ ხოფერია სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა.
2018 წლის აპრილიდან „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.