weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კონგოში დატყვევებული ჩემი ძმა ცოცხალია - გიორგი ოსორაული

15:08 სამშაბათი, 14 აგვისტო 2018

„გასული წლის დეკემბერში გავემგზავრე საზღვარგარეთ, რათა საკუთარი ძალებით მომეძებნა ჩემი ძმა სოსო ოსორაული და დამებრუნებინა საქართველოში. ის ცოცხალია, მაგრამ მასთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლას ვერ ვახერხებ. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქისადმი გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს“, - ამბობს გიორგი ოსორაული, 2017 წლის იანვარში, კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმა.

გიორგი ოსორაულმა დღეს, თბილისში, ადამიანის უფლებათა ცენტრში პრესკონფერენცია გამართა. გიორგი ოსორაულის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარ პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, რომ ოსორაულის ოჯახის წევრებს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებოდათ და საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცემოდათ. 1-ელ მაისს, მთავარმა პროკურატურამ ოსორაულის მეუღლეს, ნინო ოსორაულს საშუალება მისცა, გაცნობოდა საქმის მასალებს, მაგრამ დაზარალებულის სტატუსი მას დღემდე არ აქვს.

ოსორაული და მისი ადვოკატი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით.

დატყვევებული მფრინავის ოჯახის წევრები ითხოვენ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები - ნინო ოსორაული და გია ოსორაული;

სოსო ოსორაული წელიწადნახევარია რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსორაული მართავდა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 2017 წლის 27 იანვარს ჩამოვარდა. ქართველი პილოტები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამუშაოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. ქართველი სპეციალისტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან.

2017 წლის 24 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც გარდაცვლილი იყოს.

იმავე წლის 5 ივნისს ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინანდელი იყო და სოსო ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა.

ივნისში, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგოს რევოლუციური ორგანიზაცია „23 მარტის“ პოლიტიკურმა ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ დაადასტურა, რომ სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

ივნისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 7 ივნისს, მათ გაეროს მისიისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 ან 14 მაისს ნამდვილად მოხდა შეტაკება და სოსო ოსორაული დაიღუპა.

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენჯერმე გამართეს აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მისი ძმის, გიორგი ოსორაულის თქმით, მას კონგოელი გენერლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.

2017 წლის ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოსორაულის ოჯახის წევრებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს, თუმცა აქციები აღარ გაიმართა. რამდენიმე კვირის შემდეგ გიორგი ოსორაულმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მას აქციის გაუქმების სანაცვლოდ დაპირდა ორ რამეს: საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაულის თქმით, მინისტრი წუხდა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა აქცია ჩაშალა, მაგრამ მინისტრმა მოატყუა. ის სამხედრო სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა ცხინვალის მიმართულებით და მე-2 ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]