23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.
სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.
გიორგი ანწუხელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მისი ხსოვნის მემორიალი 2013 წლის 26 ოქტომბერს ქვემო ალვანში გაიხსნა. 2013 წლის 2 ნოემბერს „თუშეთის სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა. გიორგი ანწუხელიძის სახელი დაერქვა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტთა მომზადების სკოლას.
გარდაცვალებამდე გიორგის ერთი შვილი ჰყავდა, ლევანი. ანა ანწუხელიძე გიორგის დაღუპვიდან 7 თვეში გაჩნდა.
2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე „ანა და ლევან ანწუხელიძეები რუსეთის წინააღმდეგ“.