weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება შეუზღუდეს

10:36 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018
ფოტოზე IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ ფოტოზე IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საბჭომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და დახმარებისთვის არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

საქართველოში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 24-27 აპრილს უნივერსიტეტს ექსპერტთა ჯგუფი ეწვია და მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი ავტორიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია 6 წლის ვადით. ამავდროულად, საბჭომ უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა.

„შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის სტუდენტების მიღებას, ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა ამჟამად 700 000 ლარია და მისი სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა. ჯარიმიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ქონებას ადევს ყადაღა. უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით (#025-152) უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა.

საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე,

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს, რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა. ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!

გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას აფერხებს. 

„უნივერსიტეტს 23-წლიანი წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება აქვს, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით და თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. ამჟამად IBSU-ში 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი სწავლობს“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები, „რათა არ შეილახოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია, დემოკრატიული ღირებულებები, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება და დაიცვას საგანმანათლებლო სივრცე არაჯანსაღი გავლენებისგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]