weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტს მთავრობა დააფინანსებს

20:12 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში - პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, - აღნიშნული გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციისთვის თანხა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყოფა;

ჯანდაცვის სამინისტრო განახორციელებს პარამედიკოსების პროგრამას - მთაში მცხოვრებთა ტრენინგს პირველადი დახმარების კუთხით, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, პირველადი დახმარება თანასოფლელებს სასწრაფო დახმარების მისვლამდე გაუწიონ;

განიხილება საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მზის პანელებითა და შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიღწევებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ მთის განვითარების პროექტს უჭირავს.

„ამაზე ჩვენი ოპონენტებისგან ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია არასერიოზული არგუმენტები, რომ თითქოს, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც გაჭირდება მოსახლეობის დამკვიდრება ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს რეალობას არ შეესაბამება. როდესაც მე ვმუშაობდი ინკლუზიური განვითარების სტრატეგიაზე, კარგად შევისწავლე ავსტრიის მაგალითი, სადაც 50 წლის წინ მსგავსი არგუმენტებიც ჰქონდათ ამ იდეის ოპონენტებს და დღეს კარგად ვხედავთ ავსტრიის განვითარების დონეს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი. რაც შეეხება იმ რესურსებისა და ენერგიის ინვესტიციას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, უნდა გვქონდეს განცდა და მოლოდინი, რომ მასზე უკუგება გავზარდოთ. პროდუქტიულობა და ეფექტურობა ერთმნიშვნელოვნად გასაზრდელია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინკლუზიური ზრდის სტრატეგიის ფარგლებში მთავრობას ექნება ახალი ინიციატივები, მათ შორის, საგადასახადო ნაწილში, თუმცა ამ კუთხითაც, ისევე, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილიდან წამოსულ ინიციატივებს. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა მერვე სხდომაზე განიხილეს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“-ის პროექტის ძირითადი კომპონენტები; სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს მაღალმთიან დასახლებებში 2018-2019 წლებში განსახორციელებელ პროგრამებზე, მათ შორის ტყის განვითარებისა და ტყის ტურიზმის მიმართულებით.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წელს მიიღო. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით - 1 730 დასახლება, კანონით დადგენილი შეღავათებით კი 330 ათასი ადამიანი სარგებლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]