„ნახევარ მეტრში მივუახლოვდი ანგელა მერკელის სამთავრობო ავტომობილს და მოვასწარი დაყვირება, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, რომ ჟურნალისტებს გვებრძვიან. მივიტანე შესაბამისი პლაკატი. 50-მდე ადამიანს დავუსხლტი ხელიდან და დაახლოებით 60-70 მეტრის მანძილზე ვირბინე. ეტყობა იფიქრეს, რომ ამას მარტო ვერ გავაკეთებდი. შეეძლოთ გამოკიდება, მაგრამ, დაიბნენ თუ ვერ მოახერხეს კონცენტრირება და უშუალოდ ცენტრში შევიჭერი. გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება დაცული არ არის. ადამიანს ხელნაკეთი ყუმბარა რომ ჰქონდეს, ალბათ შეუძლია სამთავრობო ავტომობილი ააფეთქოს. თუ ნებისმიერს შეუძლია მიუახლოვდეს სამთავრობო ავტომობილს, მაშინ ჩვენი ქვეყნის სტუმრების და ჩვენი უსაფრთხოება საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ყოფილა“, - ამბობს ზაზა სვანაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჟურნალისტმა აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა. ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საპატრულო პოლიციამ ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.