ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით, კომპიუტერების დარბაზითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.
„ჩვენ დღეს საქართველკოში რიგით 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით. ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც გასცემს იმავე საჯარო სერვისებს, რაც გაიცემა თელავის, თბილისის და ბათუმის იუსტიციის სახლებში. აქ არის კომპიუტერების დარბაზი უფასოდ ბავშვებისთვის, უკაბელო ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და შეხვედრების ოთახი, რომელიც 53 სხვა სოფელში არის ხოლმე თავყრილობის, შეკრებისა და სერიოზული დისკუსიების ადგილი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც საზოგადოებრივი ცენტრი ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატთან, გელა სამხარაულთან ერთად გახსნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ცენტრში ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა გამოიფინა.
სანიორე/ნაფარეულის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 53 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალში, ლანჩხუთსა და აწყურში.