ლიკა ტორიკაშვილი გლობალური ახალგაზრდული მოძრაობის „გაუფერადე სამყაროს“ დამფუძნებელია. ის პირველი ქართველი სტუდენტია, ვინც დიდ ბრიტანეთში, UWC Atlantic College-ში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.
ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.
საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება.
ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში.
ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება.
2012-2017 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე, გიორგი ტუმასიანი.