მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაბა კოჯორში მდებარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიის ტერიტორიაზე, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულებმა ე. ჩ.-მ და ნ.გ-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ამავე სამხედრო ნაწილის სამ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეს.
დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით, ხოლო მეორე ბრალდებულს - 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.