სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა. 25 აგვისტოს იაძის ქუჩაზე, სხვისი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ასევე ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. შსს-ს ინფორმაციით, ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის არაერთგზის ნასამართლევია.