შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჭელიძე 31 აგვისტოს დააკავა. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში მოძრაობის წევრები.
„ფაშისტური კვირადღე. ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას. „შავპერანგიანები“ ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“, - აღნიშნული იყო ვიდეოს აღწერილობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი ჭელიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
სოციალურ ქსელში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდი მისი ლიდერის დაკავების შემდეგ აღარ იძებნება. გაუქმებულია გიორგი ჭელიძის პირადი გვერდიც.