„კვირა იყო და ვისვენებდით. დაახლოებით, 19:30 საათზე დარაჯმა დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერი დამტვრეული და გადმოყრილი იყო. აქ პოლიციასთან ერთად შემოვედი და ეს სურათი დამხვდა. ერთ-ერთ ოთახში, ბავშვების საწოლებში იწვნენ კიდეც, საზამთრო გვქონდა მოტანილი და ისიც მიურთმევიათ. ფასეული არაფერია წაღებული. სათამაშოები მოვინაკლისეთ, ჩემი სამუშაო მაგიდიდან კალკულატორი და ასეთი წვრილმანებია წაღებული“, – ამბობს ბაღის მენეჯერი.
„ეს დღის საათებშია გაკეთებული. სააღმზრდელო დაწესებულებას დარაჯი ჰყავს, მაგრამ მეურნეობა აქვს და ალბათ, გასული იყო იმ პერიოდში. განადგურებულია აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც წლების მანძილზე ვაკეთებდით და რაც საკუთარი ხელებით შევქმენით. ლოგინებზე გადადიოდნენ, ფეხსაცმელების კვალიც არის. ეტყობა ამ ნგრევით დაიღალნენ, დაწვნენ და დაისვენეს“, – უთხრა „რეგინფოს“ აღმზრდელმა ელენე ბერიკელაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღს აუცილებელი ნივთებით დაეხმარებიან და სააღმზრდელო პროცესი არ შეფერხდება.
შაშიანის საბავშვო ბაგა-ბაღში 110-მდე ბავშვი დადის. ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ისინი ბაღში 17 სექტემბრიდან უნდა დაბრუნდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.