მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულმა მედიამ გაავრცელა. ქართველები დამსაქმებლის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.
„მათხოვრები ხართო. საჭმელს არ გვაჭმევდა. ერთ ნატეხ პურს და პომიდორს გვაძლევდა. იმით ვიკვებებოდით. „ფეჩი“ აგვიყარა და ჭურჭელი დაგვიმალა. ბიჭები ოთახიდან გამოყარა, ტანსაცმელი გამოუყარა და კარი ჩაუკეტა“;
„პურის და მაკარონის მეტი არაფერი გვიჭამია. თითქმის მშიერს გვკლავდა. გვაშინებდა, საღამოობით კარზე გვიკაკუნებდა. საჭმელებს გვიყრიდა“, - ამბობენ საქართველოს მოქალაქეები.
მომხდარს ადასტურებენ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებიც. მათი თქმით, გენერალური საკონსულოს ჩართულობითა და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით, დამსაქმებლები გამოიძახეს და საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არსებული დავალიანება მომავალ კვირაში დაიფარება.
გასული წლის სექტემბერში, თურქეთმა უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა. ყოველწლიურად, სეზონურ სამუშაოზე თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის. ტრაპიზონის საკონსულოს მონაცემებით, წელს თურქეთის 6 გუბერნიის მხოლოდ ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 000-მდე მოქალაქე მუშაობს, ათასამდე კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.