ბატიაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაღებად, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო უნდა ჰქონდეთ, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სპეციალურ მასწავლებელს ენიჭება.
პედაგოგთა ფუნქციებში შედის როგორც მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და მასთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ასევე სკოლის ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის რეკომენდაციების შემუშავება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, ალტერნატიული სასწავლო რესურსების შექმნა-მოძიება და სხვა.
„2018 წლის 20 ივლისს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე, სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სტატუსი ჰქონდა. შესაბამისად, მათზე არ ვრცელდებოდა კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები, არ ექცეოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, არ არსებობდა შრომის ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა, რაც მათ დემოტივაციას იწვევდა.
ცვლილებების შემდეგ, სპეციალური მასწავლებლის ხელფასი საჯარო სკოლის მასწავლებლის მსგავსად დაანგარიშდება, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება (განათლება და კვალიფიკაცია, სამუშაო სტაჟი, სამუშაო დატვირთვა და ა. შ.) და მათი საშუალო ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მთავრობის დადგენილებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის სკოლების დაფინანსებაც იცვლება. კერძოდ, თუ სსსმ მოსწავლის ხელშეწყობისთვის ყოველთვიურად საჯარო სკოლა დამატებით 350 ლარით ფინანსდებოდა, ცვლილებების შემდეგ დაფინანსება 500 ლარი გახდება.