თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.
„სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც ვაჟა შათირიშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს კი, საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.