კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აზიური ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები გასული წლის ივლისში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ ისინი ანასტატუსის სახეობას განეკუთნებოდნენ, რაც მოგვიანებით შვეიცარიელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს.
„აზიური ფაროსანა დებს 28-30 კვერცხს. ამ მწერს, პარაზიტს კი შეუძლია ეს 28 კვერცხი დააპარაზიტოს იმიტომ, რომ მას შეუძლია 14-მდე კვერცხის დადება. აზიური ფაროსანას კვერცხებზე ის აკეთებს ნახვრეტს და იმაში დებს თავის კვერცხებს, ანუ კვერცხში კვერცხს დებს და იმის ნაცვლად, რომ იმ კვერცხიდან გამოვიდეს აზიური ფაროსანას მატლი (ჩვენ ამას ვეძახით ნიმფას) აზიური ფაროსანას ნიმფის ნაცვლად, გამოიჩეკება ამ პარაზიტი მწერის ნიმფა“ - ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი.
მისივე თქმით, თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ.
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.