თბილისის საქალაქო სასამართლომ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ. რეპერები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება იმ მუსიკალური ვიდეოს გამო მოხდა, რომლითაც პოლიცია გააშარჟეს.
„ვიდეო-რგოლის შინაარსით უკმაყოფილო შსს-მ მუნდირის ღირსება, მათთვის ნარკოტიკების ჩადებით დაიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულმა უარყო ბრალდება, მოსართლემ არ გაითვალისწინა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა დაკავებულები. ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს,“ - ნათქვამია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.
რეპერები პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გიორგი ქებურიას ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.