„ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას და მის შვილს ტერორიზმთან კავშირი არ აქვთ.
„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს: „ჩვენი შვილის მკვლელები უნდა დაისაჯონ. უნდა დაისაჯონ ადამიანები, ვინც მე და ზაზა სარალიძე შავ დღეში ჩაგვაგდო. ასეთი დანაშაული არ უნდა გრძელდებოდეს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“.
ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში საპროტესტო აქციები დღეიდან განაახლეს. პარლამენტის შენობის წინ აქცია 19:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც იმყოფებოდნენ.