მაჩალიკაშვილის თქმით, მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ძალაში რჩება.
„პარლამენტის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს ჩვენი გეგმები არ შეუცვლია და არც შევიცვლით. რაც შეეხება ულტიმატუმს, გუშინ გაკეთებულ განცხადებას, ის ძალაში რჩება. იგივე პოზიციაზე ვრჩები, თუნდაც მარტო ვიყო. დღეს კინაღამ ზაზა გამომეცალა ხელიდან. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. მარტოც რომ დავრჩე, მაინც გავაგრძელებ ბრძოლას. ხალხის იმედით ვარ. ვფიქრობ, საზოგადოება გვერდში დამიდგება. გუშინ და დღეს ნაკლები ხალხი იყო, ხვალ და ზეგ ალბათ გამოვლენ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, რომელიც მეორე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცველებმა კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გიორგი გაფრინდაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც გადაწყდება მისი კლინიკიდან გაწერის საკითხი.
ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გუშინ განაახლეს. სარალიძემ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მან მთავრობას გადადგომისთვის 24-საათიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა.