weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისის იმამი - მე ჩემი ხალხის გვერდით ვარ და ჰესების მშენებლობას ვეწინააღმდეგები

11:19 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018
პანკისის იმამი - მე ჩემი ხალხის გვერდით ვარ და ჰესების მშენებლობას ვეწინააღმდეგები ფოტო © პანკისის სათემო რადიო

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის საკითხს პანკისის სალაფიტური თემის იმამი თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი გამოეხმაურა. იმამის განცხადებით, ის თავისი ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია.

„ჩემი პოზიცია „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯაროდ არაერთხელ დამიფიქსირებია და კიდევ ერთხელ განვმარტავ ყველასთვის გასაგონად.

მე არასდროს ვყოფილვარ ამ პროექტის მომხრე, რადგან ჩემი ხეობის მოსახლეობის უმრავლესობა, მას ხეობისთვის საზიანოდ თვლის. შესაბამისად მე პატივს ვცემ ჩემი ხალხის გადაწყვეტილებას და ვაძლევ მათ არჩევანის უფლებას.

ასევე, ხალხს რომ ამ პროექტში მეტი სარგებელი ენახა და დათანხმებულიყო ჰესის მშენებლობას, მე მაშინ მივესალმებოდი მათ გადაწყვეტილებას, ეს იქნებოდა ჩემი ხალხის არჩევანი. ამ საკითხის შეფასებისას ჩემთვის გადამწყვეტი მნშვნელობა აქვს არა ჩემს პირად შეფასებას, არამედ ჩემი ხალხის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თემურ ქავთარაშვილმა.

პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა სოფელ ბირკიანში „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 29 ივნისს შეაჩერეს. ადგილობრივები ითხოვენ, პანკისში ახალი ჰესები აღარ აშენდეს. მათი თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკალური ლანდშაფტი, დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება სოფლების სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებას; ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროა; „ხადორი 3“ ჰესის გამო მილებში მოექცევა მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%, რაც ფაქტობრივად ალაზნის დაშრობის ტოლფასია.

ამასთან, პანკისელები ჰესების მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზებად, ელექტროსადგურებიდან მდინარის წყლის დაბინძურებას, მდინარეებში თევზის შემცირებას ან საერთოდ გაქრობასა და მაღალი ძაბვის ახალი ხაზის შესაძლო მშენებლობას ასახელებენ.

პანკისში მეოთხე ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობაც იგეგმება. შესაძლოა დასახლებული პუნქტის გავლით მაღალი ძაბვის ახალი ხაზიც აშენდეს, რათა ჰესიდან ელექტროენერგია ახმეტის ქვესადგურს მიეწოდოს. „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვს.

ჰესების მშენებლობის საკითხი უხუცესთა კავშირსა და სალაფიტებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა, რის შემდეგაც სალაფიტებმა უხუცესებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, ახალი საბჭო დააფუძნეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]