ანდრეი მალახოვი საქართველოში პროექტის „შვებულება ანდრეი მალახოვთან ერთად“ (В отпуск с Андреем Малаховым) ფარგლებში იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა თანხა დაჯდა რუსი ჟურნალისტების სასტუმროთი და გიდით უზრუნველყოფა, თუმცა განმარტავენ, რომ ანდრეი მალახოვი საქართველოში გადამღებ ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლად, მათი მოწვევის გარეშე ჩამოვიდა.
პროექტი „შვებულება ანდრეი მალახოვთან ერთად“ ჟურნალ StarHit-ის მიერ მეათე წელია ხორციელდება. ის ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და რომელიმე ქვეყანაში შვებულების გატარების საგზური მოიგოს. კონკურსში გამარჯვებულებს ჟურნალ StarHit-ის მთავარი რედაქტორი და Russia 1-ის გადაცემა „პირდაპირი ეთერის“ წამყვანი ანდრეი მალახოვი გამოავლენს და მათთან ერთად შვებულებაში მიემგზავრება. წელს სამოგზაურო ადგილად საქართველო შეარჩიეს. რუსული მედიის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულებს საქართველოში 9-დან 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა ემოგზაურათ.
სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მალახოვმა თბილისში ყოფნის დროს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა და გადაცემის მონაწილეებთან ერთად მომღერალ ნანი ბრეგვაძეს შეხვდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მალახოვი საქართველოდან წუხელ გაემგზავრა.