weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა – მამა დავით ისაკაძე

10:28 კვირა, 16 სექტემბერი 2018

„ჩვენ ვიცით მოსახლეობის განწყობა. ეს დანაშაულებრივი კანონები, რომლებიც ბოლო დროს მიიღეს, დაამტკიცეს და ცხოვრებაში გაატარეს, დასაგმობია“, - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ მარიხუანას მოხმარებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და შს სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თითოეული ადამიანი, რომელიც კანონპროექტს მხარს დაუჭერს, იქნება დამნაშავე ღმერთის, საკუთარი ხალხისა და სამშობლოს წინაშე. როგორც დეკანოზმა განაცხადა, ეკლესია იქნება წინამძღოლი იმ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს.

„კანონი დეკრიმინალიზაციის შესახებ, კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ახლა, ბოლო დროს უკვე პლანტაციების გაშენების შესახებ კანონის მიმღებლობის წინაშე დგომა – ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და სამშობლოს წინაშე და რაც მთავარია, ღმერთის წინაშე.

ჩვენ, სამღვდელოება კატეგორიულები ვართ და მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს კანონები. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ნურავის ეგონება, რომ ეკლესიაში საქმეს დაალაგებენ, ეკლესიაში საქმეს ვერასდროს დაალაგებენ.

ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც სულიწმინდა მართავს. ათი ადამიანიც რომ დარჩეს, სამღვდელო პირი და მრევლი, იცოდნენ, რომ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ასე ეგონათ არამარტო ძველი, პირველი საუკუნეების ეკლესიისა და ხალხის მდევნელებს, თუნდაც მე-20 საუკუნეში კომუნისტებსაც, რომ ისინი უძლეველნი იქნებოდნენ.

ასე ეგონა სააკაშვილის რეჟიმსაც, რომ ის უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც. ეკლესიისა და ხალხის წინაშე ისინი ვერ გაიმარჯვებენ“, – განაცხადა მამა დავითმა.

მისივე თქმით, სამღვდელოება კატეგორიულად მოითხოვს გაუქმდეს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ჯერ საუბარია მარიხუანაზე და მალე, ალბათ, სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებაც იქნება საუბარი, ასევე ე.წ პლანტაციების გაშენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ პოზიციაზე ბოლომდე დავრჩებით, ვიქნებით ძალიან მკაცრნი“, - განაცხადა დეკანოზმა.

გუშინ, გვიან ღამით, სასულიერო პირებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს და თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადეს, რომ მარიხუანას შესახებ კანონპროექტის მიღებას არ დაუშვებენ. მათ მრევლს 16 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც ღვთისმსახურებას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს და მარიხუანას საკითხზეც იქადაგებს.

მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მარიხუანას მოყვანა-წარმოება, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდება. ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე კონტროლს დამოუკიდებელი სააგენტო განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]