weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უნივერსიტეტებს ავტორიზაციისთვის დამატებითი ვადა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე მიეცემათ

10:50 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთაც ავტორიზაციის ვადა გასდით ან გაუვიდათ 2018-2019 წლებში ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი ვადა მიეცემათ. შესაბამისი ცვლილებები „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ხორციელდება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროქტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი უკვე დაუჭირა.

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მათთვის ავტორიზაციისათვის გონივრული ვადის მიცემის საკითხი, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზებულად ჩაითვლებიან 2020 წლის პირველ იანვრამდე“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა გენადი მარგველაშვილმა.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების დასაბუთება აზრს მოკლებულია და თუ საუბარი თანაბარი პირობების შექმნას ეხება, მაშინ შემოთავაზებული ცვლილებით ეს პრინციპი ფუნდამენტურად ირღვევა.

„საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს ამა წლის აპრილიდან, რაც წარმატებით გაიარა 12-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (უსდ). ავტორიზაციის ვიზიტი დასრულებულია 10 უსდ-ში, ხოლო 2018 წლის ბოლომდე კიდევ 6 უსდ ელოდება ექსპერტთა ვიზიტს. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არათანაბარ პირობებში აყენებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც მოსამზადებელ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს და ძირითადი რესურსები მიმართეს მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით“, - აცხადებენ განათლების ექსპერტები.

მათივე თქმით, 2017 წელს ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით სწორედ იმ მიზნით, რომ უსდ-ებს საკმარისი დრო ჰქონოდათ ახალი სტანდარტების დასანერგად. შესაბამისად 2017 წელი მთლიანად დაეთმო ახალი სისტემის პილოტირებას, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ექსპერტები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული პილოტირების ყველა ეტაპზე და ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა შესაბამის განხილვებში. შეფასდა 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 21 პროგრამა 11 სხვადასხვა დაწესებულებაში.

„12 უმაღლესმა წელს წარმატებით გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორიზაცია უკვე მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას აუცილებელია წინ უძღოდეს განხილვები ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.

განცხადებას ხელს აწერენ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები ლალი ბაქრაძე, თამარ ბრეგვაძე, ირმა გრძელიძე, ირინე დარჩია, აბდულ კახიძე, მარინა ქარჩავა, ქეთი ცოტნიაშვილი და ლიკა ღლონტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]