პოლიციამ, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.
ბრალდებულის თქმით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს განმარტებით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.