კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. იგი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.
UNICEF -ის ინფორმაციით, კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს, თელავში პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე თინათინ ბაუმი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ლევან ჯანდიერი, „საქსტატის“ წარმომადგენელი, ცოტნე ბალახაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა გაუძღვებიან. ღონისძიება სასტუმრო „ძველ თელავში“, 12:00 საათზე დაიწყება.