weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ომეგა ჯგუფს“ მინისტრებისთვის მანქანებს სძალავდნენ – ფარული ჩანაწერი

15:34 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018
ფოტოზე ლევან ყიფიანი ფოტოზე ლევან ყიფიანი

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერების საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ფინანსთა ყოფილი მინისტრებისთვის - ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს ითხოვს.

ფარული ჩანაწერი „იბერიამ“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს. მის ტრანსკრიპტს უცვლელად გთავაზობთ.

ლევან ყიფიანი: აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან, მერე რაც ჩამოეჭრება და 30-მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. სამი მანქანა, რომელიც არის, გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: „ერთი მინისტრი“ რა, ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

ლევან ყიფიანი: სხვას, წინა მინისტრსაც ვგულისხმობ.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ხადური ხო?

ლევან ყიფიანი: ხო. ერთი „კუპერი“, X4 და X5.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეს ქუმსიშვილის?

ლევან ყიფიანი: კი. ეს სამი მანქანა გადმოგვიფორმდეს. ან ვინმეზე, ვისაც მოვიყვან, გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ - მოიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე მარტო არ ვარ. აქ ვალდებულებებია. ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: სად, ახალზე?

ლევან ყიფიანი: ხო.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: რა ვალდებულებებია?

ლევან ყიფიანი: ფინანსური ვალდებულებებია

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეგ რას ნიშნავს.

ლევან ყიფიანი: რომ უნდა გავცეთ ფინანსები.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ეს ბიუჯეტში? თუ რაზე?

ლევან ყიფიანი: არა, არა.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ზოგადად?

ლევან ყიფიანი: ხო. ამ მანქანების გარდა!

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: ა, მანქანების გარდა?

ლევან ყიფიანი: კი.

„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: არ ვიცი.

ლევან ყიფიანი: ჩემგან, ჩემგან უნდა გაიცეს. მე რასაც ავიღებ, იქიდან უნდა გავცე“.

ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყოფილი-ვიცე პრემიერი და ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.

„იმის იქით სხვა ჯგუფია, რომელიც შეიძლება ხელმძღვანელობს მთავრობას, მაგრამ არ არის მთავრობა. „ომეგას“ გაჩერება ხდებოდა ყოველთვის, როდესაც ბაზრის 8%-ს აჭარბებდა და სამაგიეროდ მილიონებს ითხოვდნენ. ეს არის სქემა“, - ამბობს ზაზა ოქუაშვილი.

„იბერია“ ხელისუფლებას დაფინანსების წყაროს გადაკეტვასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელეკომპანიის დაფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა და მათ გადასაჭრელად მაღალჩინოსნები გარიგებას სთავაზობდნენ.

ამ საქმეზე ფარული ჩანაწერი 9 სექტემბერსაც გავრცელდა. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჩანაწერი ზაზა ოქუაშვილისა და ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ოქუაშვილს მთავრობასთან გარიგებას და ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს. გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. ლევან ყიფიანი პროკურატურაში გამოიკითხა. მან ბრალდებებს „აბსოლუტური ბოდვა“ უწოდა და თქვა, რომ „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები „ვიღაცის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებშია“.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით 51 მლნ 717 ათასი ლარი ერიცხება. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ტელევიზიის ქონა არ ნიშნავს, რომ ვინმემ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]