weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მძღოლი, რომელმაც პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახა, ახმეტის მერიის თანამშრომელია

19:25 შაბათი, 22 სექტემბერი 2018
ფოტო © ისლამ გორგიშვილი, პანკისის სათემო რადიო ფოტო © ისლამ გორგიშვილი, პანკისის სათემო რადიო

მამაკაცი, რომელმაც დღეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე, ჭიშკართან შეკრებილ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი Opel Combo დააჯახა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია. ლევან მამსიკაშვილი მერიის კულტურის სამსახურში მუშაობს და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზაზა მიგრიაულის ცოლის ძმაა.

სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე დღეს დილიდან აპროტესტებდნენ „პანკისობა 2018“-ის გამართვას.

დაახლოებით 11 საათისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა მემორიალის შესასვლელი გადაკეტა და სამინისტროებისა და ღონისძიებაში მონაწილე სხვა ორგანიზაციების ავტომობილებს ეზოში აღარ უშვებდა. მოკლული ახალგაზრდის დედას გვერდით ქალები და ბავშვები დაუდგნენ, რომლებიც სკანდირებდნენ „არა პანკისობას“.

მედიკო მარგოშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დუისში ღონისძიებების, განსაკუთრებით კი კონცერტის ჩატარებას არ გადაიფიქრებდა, ის პროტესტის ნიშნად სცენაზე თავს დაიწვავდა.

იმ დროს, როდესაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდამჭერები ჭიშკართან იყვნენ შეკრებილები და ბავშვები კარში იდგნენ, თეთრი ფერის მსუბუქმა ავტომანქანამ მემორიალის ტერიტორიაზე შესვლა სცადა.

მძღოლმა დაინახა, რომ შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, რამდენიმე წამს მანქანა შეაჩერა კიდეც, მაგრამ მალევე მანქანა ადგილიდან დაძრა და გზის გაგრძელება სცადა. რამდენიმე მცირეწლოვანმა გადახტომა მოასწრო, თუმცა მანქანა 3-4 ბავშვს მაინც დაეჯახა.

ირგვლივ, დიდი რაოდენობით მობილიზებულმა პოლიციელებმა რეაგირება ამის შემდეგ მოახდინეს.

მძღოლის ამ ქმედებამ ადგილზე დაპირისპირება გამოიწვია. ქისტმა ახალგაზრდებმა და ქალებმა მანქანა შეაჩერეს და მძღოლის გადმოყვანა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს და მძღოლი დუისის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა 2 ბავშვი, ასევე მძღოლიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ ქალს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. როგორც „რეგინფოს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი და დაკავებული არ არის.

„გავიდა კადრები ვითომ ეს შევიდა და ხალხი დააზიანა. სად მივარდა, როგორ გეკადრებათ. იქ ბავშვები რომ გამიმწკრივეს და შესვლის საშუალებას არ მაძლევდნენ, ეგ უნდა დაგეფიქსირებინათ.

ლევან მამსიკაშვილი გამოკითხვაზეა და 276-ე მუხლით უდგენენ ბრალს, ვითომ დანაშაული ჩაიდინა და ხალხი დააზიანა. ვინ დააზიანა? დაზიანება ვის აქვს? ეს დაშავებული ადამიანი გინახავთ? როგორ არის ნაცემი მაგათგან? თქვენ მაგათ უჭერთ მხარს? სირცხვილია ხალხო.

ლევან მამსიკაშვილი არის ჩემი ცოლის ძმა და კულტურის სამსახურში მუშაობს. იმიტომ არა, რომ ის ჩემია, ყველას დავიცავდი.

მაჩალიკაშვილი საერთოდ ვინ არის? რას კითხულობს იქ? ღონისძიება დაგეგმეს პანკისელებმა. მე კი არ დავუგეგმე პანკისელებს  ღონისძიება“, - განაცხადა „რეგინფოსთან“ საუბარში ახმეტის მერის მოადგილემ, ზაზა მიგრიაულმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა. პანკისის მცხოვრებლები ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მემორიალის ტერიტორიაზე არ მივიდნენ, რამდენიმე ადამიანის და საჯარო მოსამსახურის გარდა.

 

ამ თემაზე:

მაჩალიკაშვილების პროტესტი და ჩაშლილი „პანკისობა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]