ამავე კვლევის მიხედვით, დაწინაურებულია ქალაქი თბილისიც, რომელმაც მე-19 პოზიციიდან მე-16 ადგილზე გადმოინაცვლა.
„ჩვენი შეფასებით, საქართველოსთვის ნუმბეოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უკანასკნელს ისეთი მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები იყენებენ და ენდობიან, როგორებიც არის, მაგალითად, „თაიმსი“, „ეკონომისტი“, „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვები“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, Numbeo მსოფლიოში საინფორმაციო მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს კვლევებს, მათ შორის, ჯანმრთელობის უსაფრთხოების, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და ზოგადად, უსაფრთხოების კუთხით.
Numbeo უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგს ვებ-გვერდის ვიზიტორთა შეფასებების საფუძველზე ადგენს.