„პალიტრა მედიის“ განცხადებით, გამოძიების (საქმე N 074210818803) დაწყების მიზეზი მათთვის უცნობია და გაუგებარია, რას ემსახურება, რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება.
„გადავწყვიტეთ გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან, როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წელს, „პალიტრა მედიას“ ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებულნი ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში, რაც მაშინ შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა, ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებულნი. პროკურატურას ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება“, - ნათქვამია „პალიტრა მედიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, ყურადღებით დააკვირდებიან ამ პროცესს და ყოველი ახალი დეტალის შესახებ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.
„პალიტრა მედია“ აერთიანებს 3 ყოველკვირეულ გაზეთს, 3 ყოველკვირეულ ჟურნალს, 8 პერიოდულ ჟურნალს, 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს.