weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო – კვლევითი ცენტრი

18:44 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

„2017 წელს სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო და ამ კუთხით ზომები უკვე მიღებულია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენელმა ლეილა ტაბატაძემ.

ტაბატაძის თქმით, რისკის შეფასება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით მოხდა. ტყვიის ყველაზე დიდი შემცველობა სუნელებში დაფიქსირდა.

„1 კილოგრამ სუნელში ტყვიის შემცველობა 12 000 მილიგრამამდეც კი აღწევდა. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებს. ყვითელი ყვავილის ნიმუშების 20%-ში ტყვიის შემცველობა კატასტროფულად მაღალი იყო. ჩვენი ანალიზით, სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფული შემცველობა, არცერთ ვარიანტში გარემოდან არ უნდა იყოს განპირობებული, თუ გავითვალისწინებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს ნიადაგსა და ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, სადაც საშუალო მონაცემები ნორმას არ აჭარბებს. სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ნიადაგიდან მცენარეებში ტყვიის შეთვისების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია. ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად დაკავშირებულია ფალსიფიცირებასთან. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა, რომ სუნელებში აღმონდა საღებავები და თანაც არასაკვები საღებავები“, - აღნიშნა ლეილა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, უკვე მიღებულია გარკვეული დროებითი ზომები სუნელების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებიც საიმედოა. „ასეთი დარღვევები დიდი რაოდენობით აღარ არის“, - აღნიშნა მან.

გასულ წელს საჯარო გახდა ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის დასკვნა და რეკომენდაციები იმის შესახებ, რომ ქართულ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა. ტყვიის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: ყვითელი ყვავილი, ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მომხმარებლებს აფრთხილებდა, რომ ტყვიის მაღალი შემცველობის სანელებლებით მომზადებული საკვების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ბავშვები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ტყვიამ შეიძლება წარმოქმნას სწავლასთან და ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები. მან შეიძლება გაზარდოს სისხლის მაღალი წნევის, ღვიძლის დაავადების რისკი, დააზიანოს ნერვული სისტემა და წარმოშვას რეპროდუქციული პრობლემები მოზრდილებში. ორსულობის დროს ტყვიამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედისა და ჩვილის ჯანმრთელობაზე. რაც უფრო მეტია ტყვიის შემცველი პროდუქტის მიღების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენის რისკი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა დაიწყო, რომლის ფარგლებში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასაც შეისწავლიან. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]