„რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ და პირდაპირ დაველაპარაკები, დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რათა ხალხში ის მუხტი ჩამქრალიყო“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ, რომელმაც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 10 სექტემბრიდან, რუსთაველის გამზირზე განაახლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის ძირითადი ნაწილი გამოძიებულია და სამართალდამცველებს ხელი არავისთვის დაუფარებიათ. კობახიძის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც დადგენილი არ არის, ვინ მიაყენა მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა.
„ზაზა სარალიძე იქ არ უნდა იდგეს. ამ საქმეში ყველამ არგად იცის ყველაფერი. ეს არის „ნაციონალების“ აქცია, რომლებმაც ასევე კარგად იციან ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია.
ეს საქმე არის გახსნილი 90% სიზუსტით, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, არ არის უტყუარად, 100%-ით დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი.
ხელის დაფარება - კომისიამ მსგავსი ვერაფერი დაადგინა და ეს არც წერია კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას სერიოზული კითხვები აქვს მირზა სუბელიანის დაჭერის საფუძველთან დაკავშირებით: „მირზა სუბელიანი იყო მთავარი მოქმედი პირი, მ.კ-სთან ერთად, რომელმაც მისცა პროკურატურას დანაშაულის სწრაფად გახსნის საშუალება, ეს არის რეალობა და მეორე არის ტყუილი, რომელსაც მუდმივად ვისმენთ მედიასაშუალებების მეშვეობით“.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 7 თვის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.