ზაზა სარალიძის განმარტებით, მას კარვის გაშლის ნებართვა თბილისის მერიამ გუშინ მისცა.
„განმარტების გარეშე, შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი და წავიდნენ. კარავი, „ადიელები“, ბალიშები - ყველაფერი მოიტაცეს. ფაქტია, კარვის გაშალა ამიკრძალეს. მერიისგან ოფიციალურად ნებართვა გუშინ მივიღე. ეს სამართალდამცველებსაც ვუთხარი, მაგრამ მაინც ძალადობენ“, - განაცხადა სარალიძემ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ზაზა სარალიძე და გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე ავტომობილით რუსთაველის გამზირზე გადაადგილდებოდნენ.
„წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. ზაზა სარალიძის მანქანაში ვიჯექი, პოლიციამ გადაკეტა მოძრაობა, მოხდა უკანონო ჩხრეკა. მანქანის საბარგულიდან წაიღეს ნივთები, მოიპარეს კარავი. ვითხოვ, განმარტებას, რის საფუძველზე გაგვაჩერეს“, - აღნიშნა კილაძემ.
ინციდენტის შემდეგ ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე დაწვა. სამართალდამცავებმა ის ააყენეს და პოლიციის ავტომობილში ჩასმას ცდილობდნენ. სარალიძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას 16:00 საათზე აპირებდა. მისი ავტომანქანიდან კარვის ამოღებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ.