ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 11:00 საათზე ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ეკლესიასთან მისი სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან. 12:00 საათზე დაგეგმილია დოღი, რის შემდეგაც „ახმეტობა 2018“-ს მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გახსნიან.
„14:00 საათიდან, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს კახური კერძების დეგუსტაცია შეეძლებათ. პარალელურად, ადგილობრივი ფოლკლორულ - ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები და ნაჩვენები იქნება შემოდგომის კახეთისათვის დამახასიეთებელი სხვადასხვა ტრადიციული საქმიანობა“, - განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სპორტული ღონისძიებები, დოღის გარდა მოიცავს, ჭადრაკის ტურნირს, შეჯიბრს ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში.