weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წალკის მცხოვრებლებისგან ე.წ. ქურდული საერთოსთვის შესატანს აგროვებდნენ

11:59 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული თ. ვ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1985 წელს დაბადებული ლ.გ., 1992 წელს დაბადებული ბ.რ., 1983 წელს დაბადებული ზ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.ო.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ - მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს - მ.დ.-ს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

„იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მ.დ.-მ, ერთ-ერთ ბრალდებულთან - თ.ვ.-სთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

გამოძიების ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრების - მ.დ.-ს, თ.ვ.-ს და ლ.გ.ს, ასევე, მათი მხარდამჭერების - ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს და გ.ო.-ს მონაწილეობით, მიმდინარე წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ - გიორგი ფოლადაშვილის (მეტსახელად „სინკარა“) დედას გადაერიცხა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 1-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე 2-პრიმა მუხლით და 223-ე 3-პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“, ასევე პასუხისგებაში მიეცა 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]