weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაციონალური მოძრაობა დასეტყვილი სოფლების სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადებას ითხოვს

13:48 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს კახეთში, სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულონ და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას. პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა ხელისუფლებას მიმართა, დასეტყვილი სოფლები სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადოს და ზარალის ანაზღაურება დაიწყოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე მოითხოვს, რომ დაზარალებულები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ და გაეწიოთ შეღავათები იმ სესხებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსავლელად აქვთ აღებული.

დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობისთვის დახარჯული თანხა „წყალშია გადაყრილი“.

„ხელისუფლების ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი იყო. აღნიშნული პროექტი ხელისუფლებას 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ყოველწლიურად კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება ჭურვების შესაძენად. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერის განკარგულებით, ტენდერისთვის, რომლითაც შესაბამისი ჭურვები უნდა შეძენილიყო, 1.5 მილიონი გამოიყო. ფაქტობრივად ეს წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისფულებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია“, - განაცხადა ბოტკოველმა.

გუშინ, ძლიერი სეტყვის შედეგად სიღნაღის რაიონის ოთხი სოფელი დაზარალდა. ვაქირში, საქობოში, მაშნაარსა და ანაგაში განადგურებულია ხორბლის და მზესუმზირის ყანები, ვენახები, ბოსტნეული და ხეხილი.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ მართავს, 1-ლი აპრილიდან მუშაობს და ოფიციალური ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების გასანეიტრალებლად რაკეტებს ისვრიან.

„დელტას“ განცხადებით, კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა 600 ათას ჰექტრს იცავს. მიუხედავად ამისა, ორ თვეში რეგიონში 30-მდე სოფელი დაისეტყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]