აქციის მონაწილეთა თქმით, გვიან საღამოს, მათი თანასოფლელი მამაკაცი სახლში ავტომობილით მიდიოდა, რა დროსაც პატრულმა გააჩერა. მათივე მტკიცებით, მძღოლმა საპატრულო ეკიპაჟის წევრებს უთხრა, რომ შეუძლოდ იყო და წამლის დალევა სჭირდებოდა, თუმცა არ გაუშვეს და ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვეს. ამ დროს მამაკაცის მდგომარეობა გაუარესდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს.
გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.
„მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბათუმში, ახალსოფელში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმების მიზნით მსუბუქი ავტომობილი შეაჩერა. მანქანის მძღოლი, 1957 წელს დაბადებული ა.ლ. ალკოტესტით შემოწმდა. დადგინდა, რომ ფხიზელი მართავდა საჭეს, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომანქანით გადაადგილება განაგრძო. დაახლოებით 15-20 წუთში მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დახმარებისთვის მიმართეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ა.ლ. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, - განაცხადეს შს სამინისტროში.
უწყების ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მამაკაცის გარდაცვალების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებენ, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.