გადაცემის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, გვანცა გორდეზიანმა განმარტა, რომ „ვასმედიას“ ფორმატის შეცვლა გადაწყვიტეს, რის გამოც 7 ოქტომბერს გადაცემა ეთერში არ გავიდა. მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, „ვასმედიას“ Facebook გვერდმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ვასიკო ოდიშვილი ეთერში განახლებული დეკორაციით დაბრუნდება და გადაცემა 14 ოქტომბერს გავა.
ჟურნალისტებმა დღევანდელ ბრიფინგზე თავად ირაკლი კობახიძესაც ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომ ვასიკო ოდიშვილის გადაცემა, სავარაუდოდ, მის შესახებ ხუმრობების შემდეგ დაიხურა. „არვიცი. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის თაობაზე, რომ რაიმე გადაცემა დაიხურა“, - განაცხადა კობახიძემ.
30 ოქტომბრის გადაცემაში ვასიკო ოდიშვილის ხუმრობები უკავშირდებოდა „ტვ პირველის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ტელეკომპანია „მაესტრო“ 2011- 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო გიორგი მარგველაშვილი მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ აკრიტიკებდა. ოდიშვილმა, რომელიც 2012 წელს „მაესტროს“ თანამშრომელი იყო, თქვა რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ ტყუილებში გაიხლართა.
„შენ თვითონაც თუ გჯერა, რას ამბობ? ფრთხილად, ირაკლი. ფრთხილად. ძალიან სახიფათო მიმართულებით ვითარდები“, - თქვა ოდიშვილმა.
„ვასმედია“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური სატირისა და იუმორის ჟანრში აანალიზებს. პირველი გადაცემა „იმედის“ ეთერში 23 სექტემბერს გავიდა, მეორე კი 30 სექტემბერს.