„დავით ჭიჭინაძეს ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა იმის გამო ვთხოვე, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ერთიანი ძალებით და არ დაიშალოს ჩვენი ფრაქცია. მოხარული ვარ, რომ მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით გვაქვს აბსოლურტურად ერთნაირი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტები“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა.
ამ დროისთვის „საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლომია (ფრაქციის თავმჯდომარე), გელა მიქაძე (მდივანი), ირმა ინაშვილი (წევრი), ემზარ კვიციანი (წევრი), ადა მარშანია (წევრი).
რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, მან 19 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებდა. მანამდე, 18 ივლისს „ქართული ოცნების“ სამდივნომ ის პარტიიდან გარიცხა. როგორც სამდივნომ განმარტა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.