ყინჩაურის მოსახლეობა აქციებს 2016 წლიდან პერიოდულად მართავს. მათი პროტესტი სოფელთან ახლოს „შუახევი ჰესის“ პროექტის ფარგლებში ჩირუხი-სხალთის გვირაბის მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივები გეოლოგიური კვლევის ჩატარებას და არსებული რისკების შეფასებას ითხოვენ. მათ ხელისუფლებას ჰესის მშენებლ კომპანიასთან -„აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ შუამდგომლობის თხოვნითაც მიმართეს და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს.
„ჰესისთვის გვირაბის გაყვანამ სოფელს დიდი ზიანი მოგვაყენა. კომპენსაცია ჩვენ არ მიგვიღია. სარწყავი წყალი დაგვიწყდა და გაწვიმების დროს, ყოველ წუთს საშიშროება გველის“;
„მთელ სოფელს მშვიდი ცხოვრება გვინდა, რომ კაცს მშვიდად დაძინება შეეძლოს. გარდა ამისა, წყალი და გზა არ გვაქვს“;
„გზებსაც გადავკეტავთ. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოებას“, - ამბობენ „აჭარის ტელევიზიასთან“ ყინჩაურის მცხოვრებლები.
„აჭარისწყალი ჯორჯია“ განმარტავს, რომ „შუახევი ჰესისთვის“ ჩირუხი-სხალთის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები სოფელ ყინჩაურიდან ერთი კილომეტრის დაშორებით ჩატარდა და 2016 წელს დასრულდა. კომპანია ყინჩაურს პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ არსებულ სოფლად არ განიხილავდა, თუმცა 2017 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით, სოფელში გეოდეზიური წერტილების დამონტაჟება დაიწყო.
„მონიტორინგის პირველადი მონაცემები შემდგომი მონიტორინგის წარმოებისთვის გადაეცა ადგილობრივ ხელისუფლებას. ამავდროულად, აქტიური სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თემის და ხელისუფლების თხოვნით, სოფელ ყინჩაურში კომპანია რეგულარულად აწარმოებდა წყაროს წყლის დაკვირვებას. 2014-2016 წლებში, ბუნებრივი წყლების მონიტორინგის შედეგები კვარტალურად ეგზავნებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. აქვე, ხულოს მერიის ინიციატივით და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომპანიამ განახორციელა სხვადასხვა სახის სოციალური პროექტები თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში“, - განაცხადეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ ჰესის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს.
მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის („შუახევი ჰესი“ 175.0 მვტ და „სხალთა ჰესი“ 9.8 მვტ) მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. პროექტს ახოციელებს „აჭარისწყალი ჯორჯია“, რომელიც ინდური კომპანია Tata Power-ის, ნორვეგიული კომპანია Clean Energy–ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის ერთობლივი საწარმოა. 2016 წელს „შუახევი ჰესის“ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 416 მილიონ აშშ დოლარი იყო.
2017 წელს „შუახევი ჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.