„კურიერი“ რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტაჟს ამზადებდა. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა. ფეხით შევედით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, რომ უცხო პირთა შესვლა არ შეიძლებოდა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. ვიდეომასალის წაშლაც სცადეს. რამდენიმე საათი კი ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა ჩაკეტილი ჰქონდათ“, - ციტირებს „რუსთავი 2“ ეკა გაგუას კომენტარს.
ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმაც:
„დღეს, დილით, დაახლოებით ათ საათზე, მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას. ვწუხვართ მომხდარის გამო. ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან“.
ამ დროისთვის ჟურნალისტი და ოპერატორი ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.