weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება – IDFI

11:29 პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება, კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში კი მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური.

IDFI-ის განცხადებით, ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა შეარყია. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს.

ერთ-ერთ ბოლოდროინდელ შემთხვევად, რომელიც შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე მიუთითებს, IDFI „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარული ჩანაწერების ასახელებს. ჩანაწერების მიხედვით, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი მონაწილეობენ.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) . ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზეა საუბარი.

IDFI-ის განცხადებით, კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზეა გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი უწყების მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს.

„მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.

2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმისათვის IDFI-ის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი რეკომენდაცია იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა ეს რეკომენდაცია იმ მიზეზით, რომ არსებული ანტიკორუფციული სისტემა კარგად მუშაობს.

როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - ვკითხულობთ IDFI-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია ექნება იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

IDFI მოუწოდებს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი.

 

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი ვრცლად წაიკითხეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]