weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ოზურგეთის მერი თანამშრომელს „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო სჯის

00:24 შაბათი, 13 ოქტომბერი 2018
ფოტოზე კონსტანტინე შარაშენიძე ფოტოზე კონსტანტინე შარაშენიძე

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ 10 ოქტომბერს დისციპლინური წარმოების დროებითი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რომელმაც მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსის, კობა ხაბალაშვილის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ კობა ხაბალაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტში მერს ბრალი დასდო უკანონო გადაწყვეტილებების მიღების დავალებაში, რითიც შესაძლოა, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის, არამედ მერიის რეპუტაციაც შეილახა.

სიუჟეტში კობა ხაბალაშვილი ამბობს, რომ კონსტანტინე შარაშენიძე მასზე ზეწოლას ახდენს, უკანონო დავალების შესრულებას და სოციალური სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება. იმავე რეპორტაჟში მერის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე თავად თამარ დუმბაძეც საუბრობს.

„ხუთი თვის განმავლობაში ოთხჯერ დაიწერა დისციპლინური წარმოება თამარ დუმბაძეზე. რამდენიმე სამსახურია, სადაც ვიცი, რომ არანაკლები სამსახურებრივი პრობლემებია და რაღაც რეკომენდაციების გაცემაა საჭირო. ფაქტობრივად პარალიზებულია შიდა აუდიტის სამსახური, მუშაობს ერთი მიმართულებით - ყველა ბრძანება იწერება სოციალური სამსახურის შემოწმებაზე“, - ამბობს კობა ხაბალაშვილი ინტერვიუში, რომელიც „იმედის“ ეთერში 7 ოქტომბერს გავიდა.

ხაბალაშვილის თქმით, მერი მას სამსახურიდან გაშვებით მხოლოდ იმის გამო ემუქრება, რომ დუმბაძის საქმიანობაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა: „ნებისმიერი თათბირი, ნებისმიერი სამსახურებრივი და პირადი შეხვედრა, ვთქვათ ქუჩაშიც, იწყება იმაზე საუბრით, რომ სამსახურიდან უნდა გამიშვას“.

ინტერნეტგამოცემა „გურია ნიუსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს კობა ხაბალაშვილის ინტერვიუ დაბეჭდილი დაურიგეს.

„თუ არ დავწერთ, რომ ხაბალაშვილი იტყუება და ამ ინტერვიუს ცუდად ვაფასებთ, შესაძლოა, სამსახურიდან გაგვიშვან. აღარ ვიცით რა გავაკეთოთ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ“, - ციტირებს „გურია ნიუსი“ აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის კომენტარს, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ამჟღავნებს.

ამ თემასთან დაკავშირებით კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ კომენტარს არ აკეთებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კობა ხაბალაშვილის განცხადებების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს. ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 50,11% (17 306 ხმა) მიიღო და „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე 79 ხმით დაამარცხა (49,89% - 17 227 ხმა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]