„დღეს სალომე ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს ან „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა. ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და „ქართული ოცნებიდან“ „ევროპულ საქართველოს“ ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა.
გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიონებში „ქართული ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა, სადაც სალოზე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ არის.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა არის თითოეული თქვენთაგანის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობთ, კომპრომისი სინდისთან“, - განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უგულავას თქმით, „ევროპულ საქართველოში“ გადასული ოცზე მეტი ადამიანი ადრე „ქართული ოცნების“ რეგიონული წარმომადგენლები იყვნენ.
„აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც რუსთავში დააფუძნეს „ქართული ოცნება“; ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საკრებულოებში წარმოადგენდნენ, იყვნენ მაჟორიტარები, წარმომადგენლები კომისიებში, აგიტატორები, კოორდინატორები და ზონის უფროსები“, - აღნიშნა უგულავამ.
„ქართულ ოცნების“ წევრების მიერ პარტიის დატოვებას და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანებას პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უარყოფს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ისინი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგნენ, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები არ არიან, ბევრ მათგანს კი „ქართულ ოცნებასთან“ საერთოდ არ ჰქონია შეხება.
„რამდენიმე ადრე ნამდვილად იყო მხარდამჭერი წევრი, თუმცა 2017 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიებთან მუშაობდნენ. ვაზუსტებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სხვა პარტიის კანდიდატიც კი იყო. თუ ეს დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ „ევროპული საქართველო“ ამ აფიორის გამო სერიოზულ სკანდალში გაეხვევა. მათ ვურჩევდი, თავიანთ წევრებს მიხედონ, რომლებიც მათგან გარბიან, მათ შორის საუბარია პარლამენტის წევრებზეც. სწორედ ამის გადასაფარად დგამენ ამ უნიჭო შოუებს, თუმცა ვერ ითვალისწინებენ, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებს ღალატი სისხლში არ უზით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.