weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2 ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით – მირზა სუბელიანი ხელისუფლებას ემუქრება

09:17 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები და თუ მოინდომებს, შეუძლია ქართული ოცნების მმართველობას წერტილი დაუსვას.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სუბელიანის საკანშია გაკეთებული. იგი სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძისა და დევნილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ცუხიშვილის საუბარს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი საუბრობს გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა „მოგვარებაშიც“ პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილზე ბევრად უფრო მეტი კომპრომატი აქვს შენახული.

„ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები - ამათ რომ არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია.... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს. ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე...

ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს. მე რომ რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს, ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო, რუსთაველი გამოვა და „ოცნება“ აღარ იქნებით, დამიჯერე. პროსტა, კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ“, - ამბობს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სუბელიანი ასევე აცხადებს, რომ პოლიტპატიმარია: „შვეიცარიაში რომ წავიდე, სტოკჰოლმში რომ ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ყნავ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ, რომ ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა, პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ. ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში. მე ამას ვერ ვიგებ, ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა. ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო“, - ისმის ჩანაწერში.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში ფაქტობრივად, თავისი ნებით ჩაჯდა და ხელისუფლებას წინასწარ გაურიგდა, რომ იქ ერთ წელს გაატარებს, ერთი წელი კი პირობითი მსჯავრი მიესჯება. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ციხეში საკუთარი მდგომარეობით და მაღალჩინოსნების მისდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. იგი  მესტიის მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ ჯაფარიძეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სთხოვს და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ამ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]