„რუსთავი 2“-თან სატელეფონო ინტერვიუში მერაბიშვილი ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.
„შეიძლება ეს ციხის სინდრომიც არის. ყველაფერი მეჩვენება ისე, როგორც ჩემს დაპატიმრებამდე იყო. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიაზრე და ვერ გავითავისე ის ფაქტი, რომ პარტია არის გაყოფილი. მე ჯერაც ისევ ვუყურებ, რომ ამ ორმა ძალამ რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ნახოს საერთო ენა და საერთო ინტერესებისთვის იბრძოლოს.
ამიტომ, ჩემს მდგომარეობაში, არჩევანზეც კი არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ მე ისინი ერთიანად და ჩემს მეგობრებად და თანამებრძოლებად მიმაჩნია. მე მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ძალები იყვნენ ერთიანნი.
მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც მე მგონია, რომ ერთნაირი ფასეულობები გააჩნიათ, იქნებიან ერთად და მინდა ერთად იბძოლონ საერთო მიზნების მისაღწევად. მე მინდა, რომ ჩემი მთელი ენერგია ძალების გაერთიანებას მოვახმარო“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მეექვსე წელია სასჯელს იხდის. პატიმრობის ვადა მას 2020 წლის თებერვალში ეწურება, თუმცა თუ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, ის ციხეს უფრო ადრე, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვებს.